English / ქართული / русский /
ეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილი
მცირე ბიზნესი: ეკონომიკის ინოვაციური განვითარების ფაქტორი

ანოტაცია.

განხილულია მცირე ბიზნესის უპირატესობანი მსხვილ და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. ეს უპირატესი თავისებურებანი ხდის მას ინოვაციურ ფაქტორად. საუბარია ინოვაციურ მცირე ორგანიზაციის სახეებზე. მცირე ბიზნესის, როგორც თვითინოვაციურის როლზე ინოვაციებში. გამოკვეთილია ინოვაციების სფეროში მცირე ბიზნესის უპირატესობები. საუბარია მცირე ბიზნესის, მსხვილი საწარმოების (კორპორაციების), სამეცნიერო დაწესებულებების და სასწავლებლების ურთიერთობების საკითხებზე სკსსს - სფეროში. გამოკვლეულია მცირე ბიზნესის ეფექტიანობის განმაპირობებელი მიზეზები. მოკლედ არის გადმოცემული ეკონომიკის ინოვაციური სტრუქტურა, მიზნის მიხედვით ჩამოთვლილი და დახასიათებულია მათი ტიპები.

გამოკვეთილია მცირე ბიზნესის ინოვაციური თავისებურებანი, ის სფეროები, სადაც მცირე ინოვაციური ბიზნესი მეტად არის წარმოდგენილი. განხილულია საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის, ცოდნის ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიასა და მნიშვნელობაზე. მოყვანილია განვითარებული ქვეყნების მცირე ინოვაციური ბიზნესის მიღწევების ამსახველი რიცხვითი მასალები და საერთა-შორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებული საქართველოს შედეგები ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების საკითხებზე. საუბარია ამ მიმართულებით არსებულ ნაკლოვანებებზე. გამოთქმულია მოსაზრებანი მისი შემდგომი სრულყოფისა და რადიკალური სამუშაოების მოკლე დროში გატარების აუცილებლობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, სტრატეგიული ინოვაცია, მცირე ბიზნესი (საწარმო). მცირე ინოვაციური საწარმო (მის), სამეცნიერო-კვლევით საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (სკსსს).

საბაზრო ეკონომიკის მსოფლიო განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დიდია მცირე ბიზნესის როლი ინოვაციურ საქმიანობაში და, მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციური მცირე ბიზნესის განვითარების დონე სხვადასხვაა ამ ქვეყნებში, იგი აღიარებულია, როგორც ეკონომიკაში ინოვაციების უპირობო ფაქტორი. მმასზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60-70%. აქ აქტიურად უჭერენ მხარს მცირე ბიზნესს, რადგან მასზეა დამოკი¬დებული ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა და  ხარისხი.

მსოფლიო გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, ეკონომიკის  ნორმალური განვითარების ძირითად მახასიათებლად აღიარებულია მცირე, საშუალო და  მსხვილ ბიზნესსექტორთა ოპტიმალური თანაფარდობა. მათ შორის ჭარბობს მცირე ბიზნესი მისი უპირატესობებიდან გამომდინარე. მცირე საწარმოები უფრო დინამიურები არიან, ისინი სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებენ ეკონომიკაში მიმდინარე აღმავალ თუ კრიზისულ მოვლენებს. მცირე ბიზნესი ხშირად  დისპროპორციის მარეგულირებლის როლს თამაშობს რიგი საქონლის ბაზრებზე. სახელმწიფო დანახარჯები მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ეფექტიანია, რადგან მცირე ბიზნესის მეშვეობით ხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კეთილსინდისიერი კონკურენციის განვითარება,  საქონლითა და მომსახურებით ბაზრის სწრაფი გაჯერება, მასზე მოდის ეკონომიკაში ინოვაციების მეტი წილი.

განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის სხვა ფორმებთან მიმართებაში, მცირე ბიზნესის ფუნქციონირებაზე დაკვირვებამ აჩვენა მისი რიგი უპირატესობები:

1. მცირე ბიზნესს შეუფასებელი წვლილი შეაქვს ჯანსაღი (ბუნებრივი) კონკურენტული გარემოს ფორმირებაში. კონკურენცია იწვევს შეჯიბრებას სამეურნეო სუბიექტებს შორის, რასაც მოსდევს დაინტერესება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისი საქონლის რაოდენობის და ხარის¬ხის პროდუქციის შექმნაში. მცირე ბიზნესი თავისი ბუნებით ანტიმონოპოლიურია, გარდა ამისა, მუდმივი ბალანსირებული კონკურენციის პირობებით ის მუდმივად ინოვაციურია, ამით არღვევს მსხვილი და საშუალო ბიზნესის მონოპოლიზმს ეკონომიკაში;                                                                                                                                           

2. მაღალი მგრძნობელობა (რეაქცია) საბაზრო კონიუნქტურის ცვლილებასთან მას ხდის მდგრადს და მანევრირებადს. მცირე ბიზნესის ეს უპორატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მაშინ როცა სამომხმარებლო მოთხოვნების ინდივიდუალიზაციას, დიფერენციაციასა და საქონლისა და მომსახურების აქტიურ ზრდასთან გვაქვს საქმე;

3. მცირე ბიზნესს აქვს უნარი, უსწრაფესად დანერგოს ტექნიკური და კომერციული ინოვაციური იდეები. მცირე ბიზნესის სექტორის ყველა მონაწილე  მოგების მიღების მიზნით, მოღვაწეობს კეთილსინდისიერი კონკურენციით, საკუთარი რისკის საფასურად. სწორედ მონაწილეთა ასეთი სახით შეჯიბრება(კონკურენცია), ანიჭებს მათ გზამკვლევის როლს მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესში. მაგალითად აშშ-ს მცირე ბიზნეში იქმნება მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავების და ინოვაციების 50%-ზე         მეტი [6];

4. მცირე ბიზნესი დიდი ოდენობით ასაქმებს სამუშაო ძალს. სამუშაო ადგილების შექმნით მცირე ბიზნესით, ეკონომიკაში ციკლური ჩავარდნების  და  ეკონომიკის სტრუქტურული ძვრების პირობებში, აქტიურად წყდება მოსახლეობის დასაქმებისპრობლემა, ე.ი. იგი ხელს უწყობს უმუშევრობის შემცირებას და დასაქმების მაღალ დონეზე უზრუნველყოფას. ასე რომ, ეკონომიკაში მცირე ბიზნესი წარმოადგენს  ერთ-ერთ  ფუნდამენტურ საფუძველს საშუალო კლასის ფორმირებაში.

მოკლედ შეიძლება ჩამოყალიბდეს   მცირე ბიზნესის  უპირატესობები:

1. მონოპოლიის შესუსტებაზე გავლენის უნარი;

2. საქონლისა და მომსახურების ბაზრის სწრაფი გაჯერება;

3. დანახარჯების ამოსყიდვადობა და შედეგების ოპერატიულობა;

4. სამეურნეო სუბექტების დამოუკიდებელი ინიციატივების მობილიზაციის უნარი;

5. ძირითადად მცირე  სასაქონლო წარმოება;

6. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მაღალი ადაპტაციურობის თვისება;

7. ინოვაციების აქტიური განმახორციელებელი;

8. დამატებითი სამუშაო ადგილების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შექმნა;                                  

9. საფუძველია ქვეყანაში საშუალო ფენის ფორმირების.

აქ ჩამოთვლილი უპირატესობანი ნათლად გვიჩვენებს მცირე ბიზნესის აუცილებლობას ეკონომიკაში არა მარტო ეკონომიკური სამეურნეო საქმიანობის განვითარების, არამედ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფორმირებისათვის.

როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, მცირე მეწარმეობა (ბიზნესი)  წარმოადგენს შედარებით ეფექტიან და დინამიურად განვითარებად სექტორს. ისინი ხშირად ეწევიან საქმიანობას სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო შედეგების დანერგვებში. მსხვილი საწარმოები ფლობენ უპირობო უპირატესობას ეკონომიკის რიგ დარგებსა და საქმიანობის რიგ სფეროებში მსხვილი ინოვაციების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსების, მატერიალური და შრომითი რესურსების მოზიდვაში.  ამავდროულად ეკონომიკის მთელ რიგ სფეროში უფრო შედეგიანი და ოპტიმალურია საქმიანობის ორგანიზაციის მცირე ფორმები. კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკაში ინოვაციები წარმოუდგენელია, პრაქტიკულად შეუძლებელია მცირე ბიზნესის გარეშე, რადგან ისინი, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, წარმოადგენენ ძირითად ელემენტს და წარმმართველ ძალას ეკონომიკის ინოვაციებში.  მცირე ბიზნესი (საწარმოები) თავისი ბუნებით ინოვაციურია. ერთი მხრივ მცირე ბიზნესი  ისეთი ინსტიტუციური სტრუქტურის ხარისხში გამოდის, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად ეკონომიკური სისტემის დინამიზმს და წინსვლას. აქვს უნარი, სწრაფად განახორციელოს კვლევისა და შემუშავებების კომერციალიზაცია, ასევე შესწევს საქმიანობის ყველა სფეროში მიმდინარე ცვლილებების  პირობებისადმი ადაპტაციის უნარი. ამით არის განპირობებული მცირე  ბიზნესის დიდი გავლენა ინოვაციის განვითარებაზე. მეორე მხრივ, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების წყალობით, რომელიც ძირეულად ცვლის ცალკეული სტრუქტურის ფუნქციონირების მოდელს, მცირე საწარმოს დროის მცირე შუალედში უქმნის ინფორმაციის მიღების  პირობებს უახლესი საქმიანობების შესახებ და ამით ხელს უწყობს მცირე მეწარმეობის ხვედრითი წილის გაზრდას საქონლისა და მომსახურების მსოფლიო ბაზარზე. გარდა აღნიშნულისა, ინფორმაციული ტექნოლოგიები ქმნის წარმოების დანახარჯების შემცირების პირობებს და მცირე საწარმოებს აძლევს შესაძლებლობას გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა, ხოლო კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი კი ფირმის ინოვაციურობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ინოვაციური სფეროს  მცირე და საშუალო  ორგანიზაციებს შეიძლება მივაკუთნოთ:

  • ვენჩერული ორგანიზაციები - მცირე ტექნოლიგიური ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ მაღალი რისკის შემცველ პროექტებს. მათი დაფინანსებისათვის იქმნება  სპეციალური ვენჩერული ფონდები. მათი განვითარების კონცეფცია მდგომარეობს შემდეგი ციკლის განხორციელებაში: იდეა - ინოვაცია  -  ინვესტიციები, საცდელ-საკონსტრუქტორო ან  სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე  -  ინოვაციური საცდელი პროდუქციის პარტიის წარმოება - ბაზრის ნიშის დაპყრობა - სწრაფად გასვლა აქციების პირველადი გაყიდვების (IPO) ბაზარზე. ვენჩერული ტექნოლოგიური ბიზნესი წარმოადგენს ბაზას, ქვეყნის თანამედროვე განვითარების, პოსტინდუსტრიული  და  ცოდნის  ეკონომიკის შექმნით;
  • მცირე ინოვაციური ორგანიზაციები, - რომლების ეწევიან ინოვაციური პროექტების  რეალიზაციას  ან უშვებენ ინოვაციურ პროდუქციას. თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (OЭСР) წევრ-ქვეყნებში ინოვაციურად აქტიური ორგანიზაციების წილი შეადგენს 25%-დან 80%-მდე. ინოვაციურ  ეკონომიკებში ასეთი ორგანიზაციები მეტწილად ჭარბობს, რადგან თავისუფალი კონკურენციის პირობებში მხოლოდ მათ შესწევ არსებობის უნარი მათი კონკურენტული უპირატესობის ხარჯზე. ინოვაციური ორგანიზაციის ინვესტირების სტრატეგია - ინვესტიციების ძირითადი ნაწილის ჩადება, ისეთ პერსპექტიულ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც დაცულია დამცავი დოკუმენტით (საბუთით - პატენტი, მოწმობა გამოგონებაზე). ინოვაციურ ორგანიზაციებში რისკის შემცირების მიზნით  იქმნება   საინვესტიციო  პროექტების პორტფელი.

რუსეთში მცირე ინოვაციურ საწარმოდ (მის) ითვლება ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰქონდა ინოვაცია, ე.ი. ბაზარში დანერგილი ახალი ან საგრძნობლად გაუმჯობესებული პროდუქცია, ახალი ან საგრძნობლად გაუმჯობესებული  მომსახურეობა, ან მეთოდი მათი წარმოების, ასევე დანერგვით ბაზარში; ახალი ან საგრძნობლად გაუმჯობესებული საწარმოო პროცესი, დანერგილი პრაქტიკაში. კონკურენციის პირობებში ყოველი ორგანიზაცია ვალდებულია (იძულებულია),  დაკავდეს ინოვაციური საქმიანობით. კონკურენციის 1%-ით ზრდა ნიშნავს ინოვაციური საქმიანობის 3%-ით ზრდას. კონკურენცია - „ეჯიკავება“   წინ ინოვაციას [6].                                     

ევროკავშირში კი კომპანიები გამოყოფილია სპეციალურ კატეგორიად, რომელსაც ინოვაციურ მცირე საწარმოებს უწოდებენ. ისინი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

•    ბოლო სამი საანგარიშო წლიდან კვლევასა და შემუშავებაზე გაწეული ერთ-ერთი წლის ხარჯები უნდა აღემატებოდეს ბრუნვის 15%;

•    ევროკავშირის შესაბამისმა წევრმა-სახელმწიფომ (მისმა კომპეტენტურმა სააგენტომ) უნდა დაადასტუროს, რომ საწარმოს პროდუქცია და მუშაობის მიმართულება კონკურენტუნარიანია ევროკავშირის ბაზარზე.

•    საწარმო ახალგაზრდა უნდა იყოს – მისი ასაკი დაფუძნებიდან 6 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

 ეკონომიკა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ინოვაციების გზით სიარული, გვერდს ვერ აუვლის მცირე ინოვაციურ საწარმოებს, რომლებიც  ეკონომიკაში ახალი ტექნოლოგიების  დანერგვის და ინოვაციების მეგზურები (წინამძღვრები) არიან. მთელი რიგი სიახლეები, მიმართული მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისაკენ, კერძო სექტორში  ვითარდება მცირე ბიზნესის ხარჯზე: იქნება ეს  ბიოტექნოლოგია, პროგრამული უზრუნველყოფა თუ მეცნიერული ხელსაწყოთმშენებლობა.

მცირე ბიზნესის როლი ინოვაციებში მრავალმხრივია; ერთი მხრივ ის უზრუნველყოფს ინოვაციურ პროცესებს ეკონომიკაში, მართვისა და წარმოების განვითარების  შესაძლებლობებით (უნარით), მეორე მხრივ, ჩართულია რა უშუალოდ მეცნიერებატევადი პროდუქციის (მომსახურების) შექმნაში, წარმოშობს მოთხოვნას ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ პროგრესს. ინოვაციურ სფეროში მცირე საწარმოების (ბიზნესის) უპირატესობა ძირითადად შემდეგში გამოიხატება:

1. მეწარმეობის მცირე ფორმაში უფრო მეტად იქმნება ხელსაყრელი პირობები შემოქმედე-ბისათვის, რაც თავისთავად   ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია;

2. შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თავისი არსიდან გამომდინარე უცხოა ზედმეტი ორგანიზებულობა, იერარქიულობა, რაც დამახასიათებელია მსხვილი წარმოებისთვის, მცირე ბიზნესი კი გამორიცხავს. ამასთან, მცირე ბიზნესის თავისებური სწრაფვა თავისუფლებისაკენ, წარმატების უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს  დასახული მიზნის მისაღწევად;

3. მცირე საწარმოებში გამომგონებელი, მესაკუთრე და მენეჯერი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ერთ პიროვნებას (საერთოდ საწარმოების ოგანიზაციული ფორმებიდან, მცირესთვის, ყველაზე მარტივია, - ორგანიზაციის სწორხაზოვანი ფორმაა), რაც პრაქტიკულად გამორიცხავს კორპორაციული მმართველობისათვის დამახასიათებელ   წინააღმდეგობებს;

4. მცირე ინოვაციური საწარმოების სამეწარმეო საქმიანობა იმით განსხვავდება სხვებისგან,  რომ მათთვის დამახასიათებელია ვიწრო საგნობრივი სპეციალიზაცია. რაც განაპირობებს ძალისხმევისა და  სახსრების კონცენტრირებას სიახლის საბოლოო ფორმირების და მისი გავრცელების (დანერგვის, მასიური წარმოების) საწყის ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად საწარმო მეცნიე¬რულ-სამეწარმეო საქმიანობას იწყებს უშუალოდ საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავებით, რომლის მიზანია მაღალტექნოლოგიური ნაწარმის შექმნა და მისი სწრაფი გადაცემის უზრუნველყოფა მასიური წარმოებისთვის;

5. სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობაში დანახარჯები მცირე მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში არც ისე იშვიათია, მაგრამ ანალოგიური დანახარჯები მსხვილ საწარმოებში რამდენჯერმე მაღალია, რაც განაპირობებს მცირე საწარმოების სწრაფ და ეფექტიან გამოჩენას ინოვაციის ბაზრებზე;

6. ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიები ხელსაყრელ პირობებს უქმნის მცირე საწარმოებს წარმატებული ფუნქციონირებისათვის, რაც მხოლოდ მსხვილი საწარმოებისათვისადრე იყო ხელ-მისაწვდომი.

90-იან წლებში მცირე საწარმოების როლმა და მნიშვნელობამ არსებითი ცვლილებები განიცადა. ემპირიულმა გამოკვლევებმა მცირე საწარმოების წარმატებული ინოვაციების ბევრი მაგალითი დაადასტურა. მცირე ინოვაციური ფირმები უნივერსიტეტებთან და ახლგაზრდა მეცნიერებთან თანამშრომლობით ხშირად ანხორციელებენ ძირითად ტექნოლოგიურ გარღვევებს და ინოვაციებს, რითაც წინ უსწრებენ მსხვილ კორპორაციებს. მცირე ინოვაციური საწარმოები წარმოადგენს აუცილებელ წყაროს ცოდნის შექმნაში. მათი ინოვაციები და ტექნოლოგიები ხშირად შეისყიდება და კომერციალიზდება მსხვილი საწარმოების მიერ. თუკი დავაკვირდებით განვითარებული ქვეყ¬ნების ეკონომიკურ გამოცდილებას მე-20 საუკუნეში, ვნახავთ, რომ მსხვილი სამრეწველო კაპიტალი იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების დანერგვაში, რაც უზრუნველყოფდა არა მხოლოდ თვით სამრეწველო კორპორაციების კონკურენტუნარიანობას, არამედ გარკვეული დოზით ნაციონალური ეკონომიკის კონკურენტუნარიანობასაც. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსხვილი ბიზნესი აგრძელებს მნიშვნელოვან როლს ინოვაციების რეალიზაციაში, რომლებიც მნიშვნელოვან კაპიტალ დაბანდებებს ითხოვენ, მაგრამ მათი როლი ინოვაციების შექმნაში დღეისათვის რამდენადმე ტრანსფორმირებულია.

დღეს განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციების ნახევარს და რადიკალური ინოვაციების თითქმის 100%-ს ახორციელებს მცირე ბიზნესი. გარდა ამისა, ინოვაციური პროცესის ეფექტიანობა მცირე საწარმოებში საგრძნობლად მაღალია ვიდრე მსხვილში.  ეს განპირობებულია იმით, რომ მცირე საწარმოებს, განსხვავებით დიდისგან, ახასიათებს ისეთ რისკზე წასვლა, რომლებიც წარმოიქმნება რადიკალური ინოვაციების რეალიზაციისას, რომელიც თავის თავში მოიცავს ტექნოლოგიურ გარღვევებს ამა თუ იმ სფეროში. შესაბამისად, იმისთვის რომ ინოვაციური პროდუქციით გავიდეს ბაზარზე და გახდეს რომელიმე სფეროში ნოვატორი, მცირე ინოვაციურ საწარმოებს უწევთ ამ რისკზე წასვლა. პირიქით, დიდი საწარმოების უმრავლესობა თავის საინვესტიციო საქმიანობაში ორიენტირებულნი არიან არა რადიკალურ, არამედ განვითარებულ ინოვაციებზე. ანუ დიდ საწარმოებს გააჩნიათ დიდი სამრეწველო პოტენციალი და არ არიან მზად, გსაწიონ რისკი რადიკალური ინოვაციების შესაქმნელად.

მაშასადამე, რადიკალური ინოვაციების უმრავლესობას აწარმოებს მცირე ბიზნესი. მაგრამ ინოვაციებზე დაფუძნებული საქონლის სერიული წარმოება ხდება მსხვილი კორპორაციების კონცენტრაციის ხარჯზე. 

მცირე ბიზნესის ეფექტიანობა ინოვაციურ პროცესებში განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: პირველ რიგში, მცირე ინოვაციური საწარმოები, როგორც წესი, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევიან ისეთ სფეროებში, რომელსაც დიდი საწარმები არაპერსპექტიულად მიიჩნევენ მათი მაღალი რისკის შემცველობის გამო. მეორე მხრივ, ვიწრო საგნობრივი სპეციალიზაცია განაპირობებს ძალებისა და რესურსების კონცენტრაციას კვლევის კონკრეტული მიმართულებით და ასევე ინოვაციური პროდუქტების შემდგომ შემუშავებასა და გავრცელებაში. მესამე, მცირე ინოვაციური ფირმების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინოვაციური პროცესების ერთიანობა კვლევიდან საბოლოო პროდუქციის შემუშავებამდე, მართვის რთული სტრუქტურების მქონე მსხვილი საწარმოებისგან განსხვავებით,  ერთიანდება ერთი ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ, რაც აჩქარებს ინოვაციური საქმიანობის პროცესს საბოლოო შედეგის  მისაღებად.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცირე ინოვაციური ბიზნესი დაკავაბულია ისეთი სამეცნირო-კვლევით საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებით, რომლებიც არ ითხოვენ ფინანსური რესურსების მსხვილ დანახარჯებს და დასაქმებულთა დიდ რაოდენობას.

ეკონომიკის ინოვაციური სტრუქტურა მოიცავს:

•    სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს - სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს; უნივერსიტეტებს; საკონსტრუქტორო ბიუროებს;

•    მხარდამჭერ ინფრასტრუქტურას - მომსახურება; კონსალტინგურ კომპანიებს; ვენჩერულ ფონდებს; მეცნიერულ-ტექნიკურ პარკებს; მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში სახელმწიფო დაწესებულებებს კომიტეტების სახით;

•    თვით ინოვაციურ  კომპანიებს (კერძო ინოვაციური კომპანიები).

ინოვაციურ კომპანიებს, განსხვავებით კომპანიებისგან, რომლებიც დაკავე-ბულები არიან ინოვაციების კეთებით, თანამედროვე ინტენსიური კონკურენციის პირობებში განეკუთვნება, ის კომპანიები, რომლებიც შექმნილია და ფუნქციონირებს უახლოესი შემუშავებების (აღმოჩენების) დანერგვაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ჩვეულებრივი კომპანიისთვის მიზანს წარმოადგენს პროდუქციის წარმოება, ინოვაცია არის საშუალება პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ასევე მთლიანად კომპანიებისთვისაც, ხოლო თვით ინოვაციური საწარმოების მიზანია ახალი მეცნიერული შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია, რომელიც ხორციელდება ახალი მეცნიერებატევადი ნაწარმის შექმნაში (წარმოებაში).

ინოვაციური კომპანიების ადგილი სამეურნეო მექანიზმის სტრუქტურაში ხასიათდება იმით, რომ ისინი წარმოადგენენ დამაკავშირებელ რგოლს მეცნიერების სფეროსა და წარმოებას შორის: მეცნიერული სფეროსთვის მცირე ინოვაციური საწარმოები (კომპანიები) (მიკ) გამოდიან, როგორც მომხმარებელი მეცნიერული პროდუქციის და საშუალება მეცნიერული შედეგების კომერციალიზაციის, წარმოების სფეროსთვის  მიკ-ები  გამოდიან, როგორც მათი სრულყოფის ერთერთი წამყვანი წყარო (ძირითადი წყარო), რომელიც უზრუნველყოფს წარმოების მოდერნიზაციას და მთელი საწარმოო სიტემის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

შექმნის მიზნების მიხედვით შეიძლება გამოიყოს მიკ-ის შემდეგი ტიპები:

•    დამნერგავი კომპანიები. კომპანიები, რომლებიც შექმნილია მეცნიერული კვლევების შედეგების რეალიზაციისა და კომერციალიზაციის მიზნით.

•    კომპანია „პიონერები“ - მცირე ფირმები, რომლებიც შექმნილია მსხვილი კომპანიების მიერ ახალი პროდუქციის ან ტექნოლოგიის აპრობირებისთვის.

•    სტანდარტული ალიანსები: - კომპანიები მ.შ. კონტრაქტული, რომლებიც შექმნილია მსხვილი კორპორაციების მიერ სკსს-ს შედეგების ერთობლივი რეალიზაციის მიზნით.

•    კვლევითი კომპანიები - კომპანიები, რომლებიც შექმნილია კორპორაციებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან და რომლებიც მუდმივად არიან დაკავებულნი სათავო კომპანიის პროფილის მიხედვით მეცნიერული დამუშავებებით (კვლევებით).

•    ვენჩერული კომპანიები: კომპანიები, რომლებიც შექმნილია ვენჩერული ფონდებით. ვენჩერული ფონდის კაპიტალის ეფექტური დაბანდების მიზნით, რომლის მოქმედების პრინციპები ითვალისწინებს კაპიტალის დაბანდებას რისკიან, მაღალმომგებიან, როგორც წესი, მეცნიერებატევად პროექტებში.

მცირე ინოვაციური ფირმების საქმიანობის თავისებურებანი იდენტიფიცირდება ორი მიმართულებით: მცირე საწარმოს სამეურნეო საქმიანობის თავისებურებები (ბიუროკრატიზმის არარსებობა; სიახლეების აპრობაციის სისწრაფე, ინოვაციებისგან მაქსიმალური ეფექტის მიღებისათვის რესურსების ეკონომიურობა); ინოვაციური საქმიანობის თავისებურება.          

ინოვაციური საქმიანობა ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:

1.  ნეგატიური შედეგების ალბათური ხასიათი, რისკი და დაშვებულობა; ათვისებაზე გაწეული დანახარჯები ამოისყიდება დროის მნიშვნელოვან პერიოდში, რაც აუარესებს სამეურნეო სუბიექტის დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას. ამიტომ ინოვაციური საქმიანობა გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს ბიზნესის დაგეგმვას;

2.  პროდუქციის უნიკალური თვისებების განუმეორებადობა, რომელიც დაცული უნდა იყოს შესაბამისი კანომდებლობით;

3.  პროდუქციის ღირებულების ახალი სახის: „უნიკალური ღირებულების“ არსებობა. იგი გამოდის როგორც დამატებითი მოგება, რითაც ჯილდოვდება ინოვაციური საქმიანობა. ინოვაციური პროდუქციის ღირებულება განისაზღვრება არა მის შექმნაზე გაწეული დანახარჯებით, არამედ იმ სიახლით, რომელსაც შეიცავს მოცემული პროდუქტი მისი შესაძლებლობით, დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები ხარისხობრივად ახალ დონეზე. ეს „უნიკალური ღირებულება“ საშუალებას აძლევს ნოვატორ კომპანიებს, დაფაროს დანახარჯები, რომლებიც მათ გაიღეს ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ამტკიცებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეფექტიანად ითვისებს მოწინავე ტექნოლოგიებს და წარმატებით იყენებს ინოვაციების შესახებ ყოველგვარ ინფორმაციას. ბაზარი ხომ სიახლეებით იკვებება და ამიტომ ინოვაციური განვითარება არის მისი მდგრადი განვითარების საფუძველი. უცხოური ფირმები, დიდი რისკების და ხარჯების ზრდის მიუხედავად, ახალი პროდუქციის წარმოებაზე ძალიან ფრთხილად გადადიან. მსხვილი ამერიკული ფირმების მიერ პროდუქციის განახლების ანალიზი აჩვენებს, რომ მისი ახალი სახეობების 70% მოდიფიკაციებია, 20% - მცირე ნოვაციები და მხოლოდ 10% - ახალი პროდუქცია, რომელსაც ადრე არავინ აწარმოებდა [9].  

მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში მცირე ინოვაციური ბიზნესი ყველაზე მეტად (უპირველესად) განვითარებულია შემდეგ სფეროში: მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავება, აღმოჩენების და გამოგონებების დანერგვა და გაშვება წარმოებაში, სხვადასხვა ინოვაციები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია, მაგრამ აქვს პერსპექტივა.

განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, რომელიც წარმოდგენილია ინსტიტუციური სექტორით, ესენია: სახელმწიფო, კერძო სექტორი, „არაკომერციული“ (კვლევითი დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებსაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ მოგება და გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან) და უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა ანუ უმაღლესი სასწავლებლები.

განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ინოვაციების სექტორში, მცირე და მსხვილი ბიზნესი მთლიანად ინტეგრირებულია ინოვაციური საქმიანობის განხორციელებისას. მცირე ინოვაციურ ბიზნესსა და კორპორაციას შორის ურთიერთზემოქმედების ხარჯზე არა მხოლოდ ინოვაციის მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით შემუშავება-დანერგვის  უზრუნველყოფა ხდება, არამედ ამასთან ერთად ხორციელდება ახალი ბაზრების ფორმირება ან არსებულზე შეღწევის მასშტაბების გაფართოება.

განვითარებულ ქვეყნებში სკსსს-ის სფეროში სახელმწიფოს და კერძო ინსტიტუტების ურთიერთობა წარმოადგენს ინოვაციურობის მექანიზმის მნიშვნელოვან თავისებურებას. აქ მცირე ფირმები იღებენ რისკის მნიშვნელოვან წილს შედარებით ნაკლები დანახარჯების შესაძლებლობით. ფუნდამენტური კვლევების გვერდით მცირე ბიზნესს შეუძლია ინოვაციების განხორციელება, ასევე, ხელი შეუწყოს მასიურ წარმოებას. მსხვილი საწარმოები კი ხანგრძლივი ინოვაციური პროცესების შედეგების რეალიზებას ახდენენ, ახორციელებენ მასიურ წარმოებას ინოვაციური პროდუქტის ან ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. კავშირი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის „სკსსს“-ის სფეროში წარმოადგენს მთავარ ხაზსს(მიმართულებას) ინოვაციურ მექანიზმში.

მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური პროცესების ხანგრძლივობა შეადგენს 5-6 წელს, მაშინ როცა საშუალოდ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში იგი უდრის 15-20 წელს [6].

განვითარებული ქვეყნებიდან მცირე ბიზნესი უმეტესად აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში ფუნქციონირებს. ამ ქვეყნებმა, შეიძლება ითქვას, აამოქმედეს მცირე ბიზნესის ყველა ის მნიშვნელოვანი დადებითი თვისება და ჩააყენეს ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამსახურში, რაც ვლინდება შემდეგი მონაცემებით:

ჩატარებული ემპირიული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ ინოვაციური საქმიანობა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა იმ საწარმოებში (ფირმებში), სადაც დაკავებულია 100-ზე ნაკლები ადამიანი, მკვეთრად დაბალი დონეა იქ, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება 100 კაცს. ამერიკის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის შეფასებით, სკსსს-ის ყოველ ერთ დოლარზე ფირმები, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 100 კაცს, 4-ჯერ მეტ სიახლეს ნერგავს ვიდრე ფირმები, სადაც დასაქმებულია 1000-დან 10 000 ადამიანამდე, და 24-ჯერ მეტს, ვიდრე კომპანიები, სადაც დასაქმებულია  10 000 ადამიანზე მეტი [7]. აშშ-ში ახალი ნაწარმის მნიშვნელოვანი შემუშავების 98%  ქვეყანაში განხორციელებულია მცირე ბიზნესის მიერ. მაშინ როდესაც მცირე საწარმოები ხარჯავენ 5%-ზე ნაკლებს ქვეყანაში კვლევებსა და დამუშავებაზე გამოყოფილი საშუალებებიდან [1, 11]. აშშ-ი მცირე ბიზნესში  ორჯერ მეტი სამუშაო ადგილები იქმნება ვიდრე საშუალო და მსხვილ ბიზნესში, ორჯერ მეტად ინერგება ახალი ნაწარმი [6].

დანახარჯების ეფექტიანობა სკსსს მცირე ინოვაციურ ფირმებში აშშ-ში 4-ჯერ მეტია ვიდრე მსხვილ კორპორაციებში. გარდა ამისა, მცირე ინოვაციური ბიზნესი ქმნის ინოვაციებს 1 დასაქმებულზე 2,5-ჯერ მეტს და ნერგავს მათ ერთი წლით ადრე, ვიდრე მსხვილი ბიზნესი. ყოველივე  ამის შედეგია ის რომ აშშ-ს მთლიან  შიდა პროდუქციაში მცირე ბიზნესზე  მოდის 60- 70 %-ზე მეტი [6].

განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა, გაიაზრეს რა ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების აუცილებლობა,  მნიშვნელოვან სახსრებს აბანდებენ სკსსს-ში. მაგალითად, ამერიკა  გამოგონებასა და დანერგვაზე წელიწადში  ხარჯავს $280 მილიარდს, იაპონია - $100 მილიარდს, ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები კი - $50-$60 მილიარდს, ჩინეთმა ეს დანახარჯები 1995-დან 2002 წლამდე 4-ჯერ გაზარდა $18-დან $72 მილიარდამდე, ხოლო 2010 წელს გამოყო $220 მილიარდი.   

გერმანიაში მცირე ინოვაციური ფირმები „სკსსს“-ში დაახლოებით თავიანთი ბრუნვის 6.1%-ს [6] ხარჯავენ.                                                                                                                                   

დღეისათვის ევროკავშირში 23 მლნ. საწარმო ახორციელებს საქმიანობას, რაც საწარმოთა საერთო რაოდენობის 99%-ია. მცირე საწარმოების მიერ შექმნილია 90 მილიონი სამუშაო ადგილი, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67%-ს წარმოადგენს [6].

იაპონიაში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში სკსსს-ის შემსრულებელი მცირე და საშუალო ფირმების წილი უდრიდა 22%-ს; ახლო წარსულში კი შეადგენდა 38%-ს. ამ მხრივ გაწეული რესურსების ხარჯები 75%-ით ნაკლებია, მსხვილ საწარმოსთან შედარებით .

კანადაში, ინგლისსა და გერმანიაში მცირე ბიზნესის წილად მოდის ქვეყნის მთლიანი წარმოების 60%-70%

საინტერესოა ის ფაქტი, რომ რიგი ქვეყნების მცირე საწარმოები მონაწი-ლეობას იღებს პროდუქციის ექსპორტზე. საკმაოდ მაღალია ექსპორტის აქტი-ვობის მაჩვენებელი. ასე მაგალითად, გერმანიის და ნიდერლანდების მთლიანი ექსპორტის წილად მცირე ბიზნესი მოდის შესაბამისად 40%-40%, იტალიაში-25%, აშშ-სა და იაპონიაში  შესაბამისად 15% და 15% [6].

საქართველოში GCI-ის რეიტინგის მიხედვით, 2014-15 წლებში არასახარბი -ელო მდგომარეობა გვაქვს მთელი რიგი მიმართულებით, როგორიცაა: ინოვა-ციური შესაძლებლობები (110), სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ხარისხი (119), კომპანიის ხარჯი კვლევასა და განვითარებაზე (126), მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა (122), ინ¬დუსტრიული ინსტიტუტების მონაწილეობა კვ-ლევა-განვითარებაში (128), პატენტებით სარგებლობა (65). ასევე საქართველოს 121-ე პოზიცია უკავია ინოვაციების მიხედვით.                                                                                      

GCI-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69-ე ადგილიდან 66-ზე (4,22-იანი ქულით) გადმოინაცვლა 144 ქვეყანას შორის. ინოვაციები მაჩვენებლების მიხდვით გაუმჯობესდა, მაგრამ  საქრთველო ჯერ კიდევ ვერ იკავებს სასურველ პოზიციას, მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა - გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 113-ე ადგილზე გადმოინაცვლა. პატენტით სარგებლობის საკითხში თანამშრომლობა გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა. მაგრამ იმ ინდიკატორებში, რომლებიც ზომავს ტექნოლოგიების და ინოვაციების დონეს ქვეყანაში, საქართველოს პოზიციები არასახარბიელოა, მათ შორის:

•    ინოვაციების შესაძლებლობა – 121-ე ადგილი;

•    კომპანიის დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე – 127-ე ადგილი;

•    უახლეს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა – 97-ე ადგილი;

•    ფირმის დონეზე ტექნოლოგიების გამოყენება – 103-ე ადგილი [2]

საკითხის შესწავლიდან შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, სწრაფად მზარდი მეწარმეობის და ინოვაციის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში სამუშაო ადგილებისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. საქართველოს  ინოვაციური ეკონომიკის რელსებზე გადაყვანა ნამდვილად შეუძლია მცირე და საშუალო საწარმოებს, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესს როგორც შინაგანად, თავისი თვისებით ინოვაციურს. მსოფლიო ბანკის 2013 წლის კვლევის „მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" მიხედვით, ქართული ინოვაციური საწარმოები 30%-ით მეტ სამუშაო ადგილებს ქმნიან და ისინი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე არაინოვაციურ საწარმოებთან შედარებით გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანები არიან. აქედან გამომდინარე, მეწარმეობის ზრდის ხელშეწყობა, ინოვაციური და უფრო პროდუქტიული ფირმების განვითარებისა და სწრაფად ზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქვეყნის წინსვლასთან დაკავშირებული მიზნების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს".

საქართველოს ევროპის ინოვაციური პოლიტიკის ერთიან სივრცეში მოქცევას და ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება ბოლო წლებში ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებანი თუ სხვა რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებანი, მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია: აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (EaP), ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმება, ასოცირების შესახებ შეთანხმება და 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ბრიუსელის 2016 წლის 29 აპრილის შეთანხმება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020 −კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამა (2014−2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“. ამ რატიფი¬ცირებით  საქართველო პროგრამის სრულუფლებიანი ასოცირებული ქვეყანა გახდა.

ჰორიზონტი 2020 პროგრამაში, ასოცირებული ქვეყნის სტატუსი ქართველ მეცნიერებს, მკვლევარებს და ინოვატორებს, ასევე, საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს (უნივერსიტეტები, კვლევითი დაწესებულებები, მცირე და საშუალო საწარმოები, კვლევებზე ორიენტირებული ინდუსტრია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესკომპანიები, ფონდები, სამთავრობო დაწესებულებები და ა.შ.) აძლევს უფლებას, იმავე პირობებით და უფლებებით ისარგებლონ, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების წარმომადგენლები. ჰორიზონ-ტი 2020-ის კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ კვლევით  ინოვაციურ ორგანიზაციებს შეეძლებათ მოიზიდონ ასი ათასობით ევროს საგრანტო დაფინანსება, განახორციელონ კვლევები საქართველოში, უმასპინძლონ დამწყებ თუ გამოცდილ მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ხორცი შეასხან სამეცნიერო და ინოვაციურ იდეებს და გააძლიერონ კვლევითი ცენტრები საქართველოში [3].

ევროკავშირის სამოქმედო პროგრამების „მცირე ბიზნესის აქტის“ (SBA), სხვა პროგრამების თუ შეთანხმებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერების და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით,  გამოყოფილია მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებები:

სტრატეგიული მიმართულება 1: საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება;

სტრატეგიული მიმართულება 2: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯო-ბესება;

სტრატეგიული მიმართულება 3: მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;

სტრატეგიული მიმართულება 4: ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოთა ინტერნაციონალიზაცია;

სტრატეგიული მიმართულება 5: ინოვაციების, კვლევის და განვითარების ხელშეწყობა.      

აშკარაა, რომ სტრატეგიაში გაწერილი სამუშაოების განხორციელება ქართულ მცირე ბიზნესს დააყენებს განვითარების სწორ გზაზე და ეკონომიკის ზრდაში და მთლიან შიდა პროდუქციაში დღეს მისი წილი მეტად დაბალი თუა, ნავარაუდევია, საბაზისო 2013 წელთან მიმართებაში, 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით; დასაქმებულთა ზრდა 15%-ით;  მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.

გაწერილი სამუშაოების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, დღემდე არ არის სასურველი შედეგი მიღებული, დღემდე არ არის განსაზღვრული საბოლოო სახით  არც მცირე ბიზნესი და არც ინოვაციური მცირე ბიზნესი. ამის დასტურია ის, რომ, როგორც ზემოთ მოცემული რიცხვითი მასალებიდან ჩანს, არასახარბიელოდ გამოიყურება ქვეყნის ინოვაციურობის მაჩვენებლები. უნდა დაჩქარდეს მცირე ბიზნესის სამარლებრივი რეგულირების საკითხი, მიღებულ იქნეს კანონთა პაკეტი, რომლის შესახებ ფართოდ არის საუბარი ნაშრომში [1]. დღეს ქვეყანაში მწირი  ინფორმაცია მოიპოვება მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესებზე და მათ ინოვაციურობაზე.

ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსწორებას ხელს შეუწყობს განვითარებული ქვეყნების გამოცდილების დროული გაზიარება, რაც საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების შესაძლებლობას აძლევს და გზას უხსნის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროსკენ.

გამოყენებული ლიტერატურა

1.  რ. აბესაძე, ე. კაკულია, მცირე ბიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმი საქართველოში, თბილისი, 2009.

2.საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016- 2020   წლებისთვის.    https://www.google.ge/search?q=

3.  საქართველო ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებული ქვეყანაა

http://www.mes.gov.ge/content.php?id=6888&lang=geo]  27.12.2016 მეცნიერება

4.  მსოფლიო ბანკის 2013 წლის კვლევის¬ „მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში"  https://www.google.ge/search?q

5. Быковская Е.В. Инновационная деятельностъ малых предприятий как фактор роста эффективности их функционирования.   http://vernadsky.tstu.ru/pdf/2010/04/39.pdf    

6. Зарубежный опыт государственной поддержки инновационных малых и средних предприятий https://kfpp.ru/analytics/material/innovation.php

7.  Мазоль С. Экономика малого бизнеса. Минск., «Книжный Дом», 2004

8. Муртазин А.С. О роли малого бизнеса для формирования инновационной экономики, 2011. https://www.google.ge/search?q

9. Муминов Р.; Абдираимов И.; Малеенова С. Малый инновационный бизнес: факторы устойчивого развития https://www.google.ge/search?q

10. Счастливая Н.В. Малый инновационный бизнес в экономике высокоразвитых стран, 2009   http://vestnik.osu.ru/2009_2/8.pdf

11. Речмен Д., Мескон М., Боуви К., Тилл Д. Современный бизнес в 2 т., М., «Республика», 1995.